ჩვენ შესახებ

ყოველი ადამიანი იბადება რაღაცა მისიით - ზოგი საერო საქმეს ემსახურება და ერს სწირავს თავს, ზოგი - სასულიერო საქმეს, სარწმუნოებას. თუმცა, იყვნენ (და არიან) გამონაკლისებიც, რომელთაც ერობაშიც და ბერობაში იმდენი დიდი საქმეები უკეთებიათ, რომ სიცოცხლეშივე „ღმერთის ხატად,  სახარების იდეალად“ ქცეულან...

            ერთ-ერთი ასეთი რჩეული ადამიანი, რომელიც დაიბადა საქართველოში, სწავლობდა გერმანიაში, მღვდელმსახურობდა საფრანგეთში, პედაგოგობდა გერმანიასა და პოლონეთში, ხოლო სამეცნიერო კვლევებს აწარმოებდა იერუსალიმში, რუმინეთში, პალესტინასა და ბულგარეთში, იყო ჩვენი თანამემამულე გრიგოლ ფერაძე.

            ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მქონე, 16 ენის მცოდნე გრიგოლ ფერაძეს იმ ასაკში (42 წლის) მოუწია ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში სიცოცხლის დასრულება, რომელი ასაკიც მეცნიერისთვის მეცნიერული სიმწიფის ასაკად ითვლება და ვინ იცის, რამდენი აუსრულებელი სამეცნიერო და სასწავლო იდეა წაიღო თან, ისე როგორც წაიღო სამშობლოში უკანდაბრუნების დიდზე-დიდი სურვილი.

            მაგრამ დიდი მეცნიერის და თეოლოგის გრიგოლ ფერაძის საქმიანობას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოს საპატრიარქომ გრიგოლ ფერაძე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების რელიგიურ დღედ 6 დეკემბერი დააწესა. ჩვენ კი - წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის დამფუძნებლებმა - ვახტანგ ფერაძემ და ცისანა სულაბერიძემ, გადავწყვიტეთ, საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მისი სახელის უკვდავსაყოფად, ჩვენს მიერ დაფუძნებული სასწავლო უნივერსიტეტისთვის მისი სახელის მინიჭება.

            ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში გრიგოლ ფერაძის იმდროინდელი მოღვაწეობა წინმსწრებად წარმოადგენდა საქართველოს მეცნიერების და განათლების ევროპულ ინტეგრაციას ანუ იმ გენერალურ მიზანს - მისიას, რასაც დღეს ჩვენს მიერ დაფუძნებული, წმიდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ემსახურება. ამიტომ, ჩვენი სასწავლო უნივერსიტეტისთვის გრიგოლ ფერაძის სახელის მინიჭება გამართლებულია ფორმითაც და შინაარსითაც. იგი ჩვენს სასწავლო უნივერსიტეტს ავალებს ღირსეულად ატაროს დიდი ქართველი მეცნიერის და პედაგოგის - გრიგოლ ფერაძის სახელი, ხოლო ჩვენ, მის მოგვარეებს - ვიყოთ მისი ღირსეული მემკვიდრენი.

            ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ჩვენი ამ ქმედებით რამდენამდე ვუსრულებთ გრიგოლ ფერაძეს სამშობლოში დაბრუნების აუსრულებელ სურვილს და აგრეთვე, ვაგრძელებთ განათლებისა და მეცნიერების სფეროში მის მიერ დაწყებულ გზას - ევროპულ და მსოფლიო ინტერდისციპლინარულ და კულტურათაშორის პრინციპებზე დაფუძნებულ უმაღლესი განათლების მოწყობას.